„ჩვენი წინასწარი გათვლებით, ევრო-2024-ის ავიაბილეთების სუბსიდირება ბიუჯეტს დაახლოებით 2 მლნ ევრო დაუჯდება”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა, რომლით სარგებლობასაც 3000 ქომაგი შეძლებს.
„პრემიერმა უკვე გააკეთა განცხადება ევრო-2024 ის ბილეთებთან დაკავშირებით – 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრებს აქვს თამაშები, შესაბამისად, ეს იყო დაანონსებული. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმუშავა, რომ კონკრეტული ჩარტერული რეისები შეგვეძინა და ჩვენს ქომაგებს თამაშებზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ.
ვიმუშავეთ ავიაკომპანიებთან და დამატებით 3000 ქომაგი შეძლებს საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება უკვე მიმდინარე კვირის ბოლოდან, როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან. ერთი გზის ბილეთის ფასი სუბსიდირებით 195 ევრო იქნება, შესაბამისად, ორი გზის ფასი – 390 ევრო.