რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ორჯერ გამოეხმაურა.
“თავისებური ქალია ზურაბიშვილი, როგორც ჩანს საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციას თავდაუზოგავად ცდილობს. პარლამენტში მმართველი უმრავლესობის მიერ მიღებული უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. ჩნდება კითხვა – ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი მთლიანობაში გასაგებია, მაგრამ პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს ზომიერების შეგრძნება”. – წერს კარასინი Telegram-ში 18 მაისს.
ზურაბიშვილის ვეტოს რუსეთის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ 19 მაისს გამოეხმაურა:
“პრეზიდენტი ზურაბიშვილი კვლავ გვაოცებს. მის მიერ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად პრეზიდენტ მაკრონის დაპატიჟება საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. მაგრამ, რატომ თქვა ხმამაღლა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ვიზიტის მიზანია “კავკასიის საბჭოთა ურდოსგან და რუსული გავლენისგან გათავისუფლება”? სააკაშვილის სტანდარტების მანიაკალური დაცვაა! ეს კი უკვე დიაგნოზს გავს”.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონს ვეტო დაადო.