საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ და „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ დამაარსებელმა, პროფესორმა მერაბ მიქელაშვილმა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, საგაზაფხულო სესიაში, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და თბილისის ცამეტი საჯარო და კერძო სკოლების 50-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
სესიის მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეებს ლექციები ფაკულტეტის პროფესორებმა, დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა წაუკითხეს. ლექციების თემატიკა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მეწარმეობისა და ბიზნესის არსი; ანტრეპრენერობის არსი; სად ვეძებოთ ბიზნესიდეა; მენეჯმენტი იგავებში და არა მარტო…; ლიდერი და ლიდერობა; მარკეტინგი, როგორც გაყიდვების ხელოვნება და კრეატიული აზროვნება; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; ჩემი ადგილი პროფესიების სამყაროში; ტურიზმი, როგორც მეწარმეობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება-ფულის რაობა და საკუთარი ფინანსების მართვა; ბიზნესის მორალი და საქმიანი ეტიკეტი; პიროვნების დიზაინი – 21-ე საუკუნის უნარები და ა.შ.
სტუ-ის ვიცე-რექტორმა „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს მიულოცა სესიაში მონაწილეობა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა, აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტის და აბიტურიენტების, სკოლის მოსწავლეების მომავალზე ზრუნავს და ევროპული სტანდარტის სასწავლო გარემოს უქმნის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი პროექტს უკვე 6 წელია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოხატეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და გვერდით დგომით პროექტი წარმატებით ხორციელდება, რისთვისაც მას დიდი მადლობა. წარმატებები მინდა ვუსურვო “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის” დამაარსებელს, პროფესორ მერაბ მიქელაშვილს და პროექტის მონაწილე მოსწავლეებს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, ფაკულტეტთან არსებული “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი” არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს იმ მნიშვნელოვანი უნარებს დაუფლებაში ეხმარება, რაც მთლიანობაში პროფესიის სწორად არჩევის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას უწევთ.
„მოსწავლეთა მხრიდან გამოხატული ინტერესი და მოტივაცია ცენტრის მომავალი მუშაობის გააქტიურების, ახალი საინტერესო თემატიკის მოძიებისა და დამუშავების, პროფორიენტაციის მიმართულებით მუშაობის გააქტიურების და მოსწავლეებისთვის პროფესიების სამყაროში საკუთარი თავის პოვნის საქმეში ძალისხმევის გაძლიერების საფუძველს იძლევა. მოსწავლეების მიერ შთაბეჭდილებების წიგნში ჩაწერილი მოსაზრებები, სურვილები და გამოხმაურებები, ცენტრს მისი მომავალი მუშაობის დაგეგმვაში დიდ დახმარებას გაუწევს“, – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.
სტუ-ს ინფორმაციით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს ჩამოყალიბდა. არსებობის განმავლობაში, ცენტრის სესიებში მონაწილეობა მიიღო თბილისის, რუსთავის, თეთრიწყაროს და სხვა რეგიონების 60-მდე საჯარო და კერძო სკოლის 350-მდე მოსწავლემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს