ფინეთის მთავრობამ შესაძლოა ნაწილობრივ გახსნას საზღვარი რუსეთთან, თუკი მიღებულ იქნება ე.წ. კანონპროექტი „გაძევების შესახებ“, რომელიც შესაძლებელს გახდის მესამე ქვეყნების მოქალაქეთათვის თავშესაფარზე უარის თქმას საზღვარზევე და მათ დეპორტაციას კვლავ რუსეთში. ამის შესახებ განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
მისი სიტყვებით, ჯერ გაიხსნება ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, შემდეგ კი, „თუკი საზღვრის ორივე მხარეს მოგვარდება თანამშრომლობა“, ამუშავდება დანარჩენებიც. ბევრი რამ რუსეთზეა დამოკიდებული, დასძინა ორპომ.
„გაძევების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა, ითვალისწინებს, რომ რუსეთიდან ფინეთში შესულ ლტოლვილებს საზღვარზე ან მის მახლობლად სპეციალურ ცენტრებში განათავსებენ თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განაცხადის დამუშავების პერიოდში. იმ პირებს, რომლებსაც უარს ეტყვიან თავშესაფარზე, დეპორტაციას გაუკეთებენ. ფინეთის პარლამენტი დოკუმენტს მომავალ კვირაში განიხილავს. როგორც გამოცემა Yle აღნიშნავს, კანონმდებლობა უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს, ვინაიდან, მათი თქმით, ის არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას და საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში.
აპრილის ბოლოს Helsingin Sanomat იტყობინებოდა, რომ ფინეთის ხელისუფლება ჩქარობს კანონპროექტის მიღებას, ვინაიდან შიშობს, რომ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ რუსეთი კვლავ დაიწყებს თავშესაფრის მაძიებელთა გატარებას სახმელეთო საზღვარზე და ამით მუქარას შეუქმნის ფინეთის უსაფრთხოებას.
ჰელსინკი მოსკოვს ბრალს სდებს საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტი ნაკადის ორგანიზებაში. რუსეთი ამას უარყოფს.
2023 წლის ნოემბერში ფინეთმა რუსეთთან სახმელეთო საზღვარი დახურა საბუთების არმქონე მიგრანტების მოზღვავების ფონზე. რვა საკონტროლო პუნქტიდან მხოლოდ ერთი დატოვეს ღია. ფინეთის სასაზღვრო დაცვის თანახმად, შარშან ნოემბერში ფინეთში რუსეთიდან შევიდა 900-მდე მიგრანტი ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა კენია, მაროკო, სომალი, იემენი, სირია, პაკისტანი. ადრე ასეთი პირების რაოდენობა ერთს არ აღემატებოდა ხოლმე, აღნიშნავენ უწყების თანამშრომლები.
კანონის თანახმად, თავშესაფრის მთხოვნელთა უკან გაბრუნება არ შეიძლება, აუცილებელია მათი განთავსება ფინეთში, სანამ დასრულდება მათი თხოვნის განხილვის პროცედურა.
დეკემბერში სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტები გარკვეული ხნით გახსნეს, მაგრამ ორი დღის შემდეგ კვლავ დახურეს. თებერვალში ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ საზღვარი ჩაკეტილი დარჩება მინიმუმ აპრილამდე.
რუსეთ-ფინეთის ურთიერთობები მკვეთრად გამწვავდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში. ფინეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და ნატოს წევრი გახდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ დარჩება უშედეგოდ. ამასთან, რუსეთი უარყოფს, რომ მიგრაციას ფინეთზე ზეწოლისთვის იყენებს.