ყველასთვის საყვარელი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი იუბილარია, მას 74 წელი შეუსრულდა. “დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, ლაურა რეხვიაშვილის დაბადების დღეა! ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებთ”, – წერს თეატრის ოფიციალური გვერდი.
ლაურა რეხვიაშვილის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი, ალბათ, რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1980 წლის ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ბაბულას როლი იყო. 2015 წელს ის პოპულარულ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მონაწილეობდა და სახასიათო პერსონაჟის შექმნით მან საზოგადოების სიყვარული კიდევ ერთხელ დაიმსახურა. შუალედში ის მუდმად გამოდიოდა თუმანიშვილის კინომსახიბთა თეატრის სცენაზე, მონაწილეობას იღებდა არაერთ ცნობილ ფილმში. მისი ფილმოგრაფია აერთიანებს ისეთ ცნობილ სურათებს, როგორებიცაა: „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ათოვდა ზამთრის ბაღებს”, „ადამიანთა სევდა“, „ფოსტალიონი“, „მიდიოდა მატარებელი“ და სხვ.
ლაურა რეხვიაშვილს სცენისა და ეკრანს მიღმაც საინტერესო ცხოვრება აქვს.
“ჩემი უფროსი და, ლილი, ხეიბარი იყო. დაწყებით კლასში დედაჩემი ასწავლიდა. დედა, პოლინა დვალიშვილი, პედაგოგი იყო. ლილი მეოთხე კლასში რომ გადავიდა, კოჭლობა დაიწყო. როგორც გაირკვა, დაბადებით დაჰყვა პათოლოგიური სისხლძარღვი. ბავშვმა აქტიური ზრდა რომ დაიწყო და ორგანიზმში ბევრი ცვლილება წავიდა, ჯერ თითის წვერს ადგამდა, ქუსლს ვეღარ. მერე ფეხი მოხარა და საერთოდ ჰაერში აიტანა. ვეღარ დებდა სიარულის დროს. გახდა ხეიბარი და დასჭირდა ყავარჯნები.
დედამ ხატის წინ თავის იესოსთან, თავის ღვთისმშობელთან, თავის ანგელოზთან და ადგილის დედასთან აღთქმა დადო, მაღალ ქუსლს აღარასოდეს ჩავიცვამ და პომადას არ წავისვამო. ამ აღთქმის შესრულებამ გადაატანინა ეს ტკივილი.
ლილის ორი ოპერაცია გაუკეთდა და ორივე უშედეგოდ. ამ ფაქტმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ჩემი და თანდაყოლილი ხეიბარი იყო. გაიზარდა და ის იყო ჩვენი, დანარჩენი სამი დის ყველაფერი. ყავარჯნებზე შემდგარი ქალი ხეხილს წამლავდა, გვირეცხავდა, კერავდა, აუთოებდა. იყო საქმიანი და დაკავებული. სამ დას გაუზარდა შვილები. მათე რომ გავაჩინე, 38 წლის ვიყავი და თვალებში ცრემლჩამდგარმა და გულდაწყვეტილმა მითხრა, მე ის ენერგია აღარ მაქვს, მათეც გავზარდოო.
59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ დედაჩემი 80 წლის იყო. დედას ამ ასაკში არ უნდა ენახა ეს სიმწარე… ჩემი თეატრის მსახიობები “მარშრუტკით” წამოვიდნენ და გორმბორზე გაუფუჭდათ ტრანსპორტი. დააგვიანდათ ჩამოსვლა. ჩემი და ეზოში ჩამოვასვენეთ და დედამ, გამოსამშვიდობებლად, ხმით დაიტირა შვილი. სამყარო შეიძრა!
დედამ ისეთი დატირება იცოდა, რომ მას უბარებდნენ, პოლინა, შენი დატირებით უნდა გაგვისტუმრო საიქიოშიო. განსაკუთრებული უნარია, როცა ადამიანი ლაპარაკობს ისე, რომ პოეზიაც არის, ფილოსოფიაც, ტრაგედია ხომ თავისთავად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდას დასტირიან. ეს ქალი დიდ პატივს სცემდა მიცვალებულს და სიკვდილს გულში იტარებდა.
სახელს ვერ დაარქმევ ამ სურათს, კაციან-ქალიანად რომ ყველა ქვითინებს. ამ დროს ჩერდება დრო, გავიწყდება ყველაფერი და გაოცებული უსმენ მოტირალ დედას.
მსახიობმა ზაზა მიქაშავიძემ მითხრა, კიდევ კარგი, დასაფლავებას მოვუსწარითო. აქ ისეთი რამ ვნახეთ, რომ არ მოგვესწრო, მე არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს დედის დატირებაო…
აი, მაშინ დედამ ჩემს დას დაატირა: ორმოცამდე აქ უნდა მამყოფო, შენს სულს ჩემსავით ვერავინ მიხედავს, მე უნდა მოვუარო. 40 დღის დღის შემდეგ, შენ თუ არ წამიყვან, შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო. თითქოს “დატუქსა” შვილი.
ის ორმოცი დღე კანდელს დარაჯობდა, რომ არ ჩამქრალიყო. ცივ ნიავს არ აკარებდა. ლოცულობდა, მაგრამ ფსალმუნებს კი არ კითხულობდა, თავისი გულით და აზრით ლოცულობდა. მერე ეზოში გავიდოდა, რაღაცას მოიმიზეზებდა, რომ მაგალითად, ვაზი უნდა ენახა და იქ, თავისთვის მოთქვამდა, შვილს ელაპარაკებოდა, დიალოგი ჰქონდა, ოღონდ ტირილით.
უკეთებდა საკურთხს ფაცურით, ნერვიულობით. მის სახელზე აცხობდა, მოხრაკავდა. მერე მაგიდაზე დადგამდა, სანთელს მოავლებდა სამჯერ. ილოცებდა… ეს ქალი ნამდვილად მიწის მარილი იყო… ასე მოიხადა ვალი, მოუარა შვილის სულს. ლილის 40 გადავუხადეთ და 41-ე დღეს დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ…
ის, რაც შენზე არ არის დამოკიდებული, ასე უნდა მიიღო. მაგრამ როცა დედებს შვილები უკვდებათ, მე ამაზე მაქვს კითხვა, რა მოხდება, რომ დედებმა ეს სიმწარე არ იგემონ და თუ შვილი უნდა მოკვდეს, ცოტა ხნით ადრე დედა გარდაიცვალოს?! თან დედა, რომელიც ისედაც მალე წავიდოდა, რა მოხდებოდა, რომ სიცოცხლის ბოლო მომენტში ასე არ გამწარებულიყო?
შვილმკდარი დედა რომ თავს არ იკლავს, ესეც ღმერთისგან არის შეჩერებული, რომ საიქიოში ნახონ შვილები… შვილმკვდარი დედა რომ ცოცხალია, მე ეს არ მჯერა. ვფიქრობ იმაზე, რა დევს იმ არსებობაში, რატომ აქვს ამ დედების არსებობას აზრი? რატომ არის აუცილებელი, იარსებონ? აი, ეს შემაძრწუნებელი კითხვები მაქვს.
სიკვდილი საერთოდ არ მაშინებს, მაგრამ არ მინდა შვილი გავაწვალო ჩემი სიკვდილით. გული ეტკინება, შეწუხდება, იტირებს. და რა გამოდის? გავაჩინე, გავზარდე, სიყვარული მივეცი და ბოლოს ამოვაშხამე. ამოშხამებას ვერ ვეგუები…” – ამბობდა მსახიობი.