თევზჭერის პროექტების თანადაფინანსებისთვის ₾14,7 მლნ დაიხარჯა – “აწარმოე საქართველოში”

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საზღვაო თევზჭერის მიმართულებით პროექტების თანადაფინანსების მოცულობამ 2024 წლის მარტის მონაცემებით, 14 678 844 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, სააგენტოს ბიზნეს უნივერსალის პროგრამას თევზჭერის მიმართულება 2019 წლიდან დაემატა.
სააგენტოს მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თევზჭერა-აკვაკულტურის მიმართულებით ამ დრომდე თანადაფინანსებულია 13 ბენეფიციარის 18 პროექტი. საკრედიტო საგარანტიო სქემით კი 12 ბენეფიციარის 15 პროექტი სარგებლობს.
“საზღვაო თევზჭერის მიმართულება გათვალისწინებულია ისეთ პრიორიტეტთა ნუსხაში, რომლებზეც პროექტის ფარგლებში გაცემულ სესხზე (50,000 – 10,000,000 ლარი) ხორციელდება სახელმწიფოს მხარდაჭერა როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებით სესხის სრულ ვადაზე, ისე სესხზე 80%-მდე გარანტიის გაცემით”, – განგვიცხადეს სააგენტოში.
სააგენტოს სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საზღვაო თევზჭერის პროექტები 2019 წლის დეკემბრიდან, საზღვაო აკვაკულტურის პროექტები – 2020 წლის ივნისიდან, ხოლო მტკნარი წყლების აკვაკულტურა – 2023 წლის იანვრიდან ფინანსდება.
საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით (გულისხმობს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები) საზღვაო თევზჭერისა და საზღვაო აკვაკულტურის პროექტები მხარდაჭერილია 2020 წლის ივნისიდან, მტკნარი წყლების აკვაკულტურა კი, 2023 წლის იანვრიდან.