„ახალი ტომოგრაფი საშუალებას გვაძლევს, დროის მოკლე მონაკვეთში უმაღლესი ვიზუალიზაციის მქონე გამოსახულება მივიღოთ“ – მაია გაგუა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით კვლევების ფართო სპექტრის, მათ შორის ნევროლოგიური კვლევების ჩატარებაა, შესაძლებელი. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგმა მაია გაგუამ განაცხადა, სხვა ტომოგრაფებთან შედარებით 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტულია და მაღალი პროგრამული უზრუნველყოფითა და ახალი რეჟიმებით ხასიათდება, რაც სპეციალისტებს დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებაში ეხმარება. მისივე თქმით, ის აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, რადგან ახალი ტომოგრაფით გამოკვლევისას არ არის რენტგენული გამოსხივება, კვლევა მაგნიტური ველის არსებობაზეა დაფუძნებული, რომელიც უსაფრთხოა.
„კომერსანტი“ მაია გაგუა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების შესაძლებლობებზე, ახალი 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე ესაუბრა.
ნევროლოგიური კვლევებს რა კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტები იტარებენ?
მაია გაგუა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი: ნევროლოგიურ კვლევებს ნებისმიერი ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტები იტარებენ, რომელთაც აქვთ როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ნევროლოგიური სიმპტომები – თავის ტკივილი, სისუსტე ხელებსა და ფეხებში, კიდურების კანკალი, გულყრები, ხერხემლის ტკივილი და ა.შ.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება საჭიროა ყველა იმ შემთხვევაში, როცა ნევროლოგი ან ნეიროქირურგი ჩათვლის საჭიროდ.
როგორია ახალი 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მახასიათებლები და რა უპირატესობები აქვს მას ნევროლოგიური კვლევების ჩატარების თვალსაზრისით?
3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი საშუალებას გვაძლევს, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ჩატარდეს თავის ტვინის დეტალური კვლევა, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური. სხვა ტომოგრაფებთან შედარებით ის უფრო სწრაფია, ბევრად უფრო კომფორტულია პაციენტებისთვის და მაღალი პროგრამული უზრუნველყოფით, ახალი რეჟიმებით ხასიათდება, რაც ძალიან გვეხმარება სხვადასხვა დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებაში და წარმონაქმნების დროულ აღმოჩენაში მაშინ, როცა მათი ზომა ჯერ კიდევ რამდენიმე მილიმეტრია.
ახალი 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების რა ისეთი ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, რაც აქამდე არ არსებობდა?
ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი საშუალებას გვაძლევს, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მივიღოთ უმაღლესი ვიზუალიზაციის მქონე გამოსახულება, შევისწავლოთ თავის ტვინის სისხლძარღვები არაინვაზიურად – უკონტრასტოდ, სხვადასხვა დაავადების დროს სპეციალური რეჟიმების საშუალებით განვსაზღვროთ თავის ტვინის პერფუზია და შევისწავლოთ სხვადასხვა მეტაბოლიტები, რაც აუმჯობესებს დიაგნოსტიკას და მკვეთრად ამცირებს დიფერენციულ დიაგნოსტიკას.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება ნეიროქირურგებისთვის ძალიან ინფორმატიულია პრეოპერაციული დაგეგმარებისთვის და ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ პოსტოპერაციული ნევროლოგიური დეფიციტი და გართულებები.
ნევროლოგიური დაავადებების დროს რა მნიშვნელობა აქვს ადრეული დიაგნოსტირებას?
ადრეული დიაგნოსტირება ნევროლოგიური დაავადების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა დაავადებების დროს, რათა თავიდან ავიცილოთ შორსწასული შემთხვევები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გართულებები და ინვალიდობის რისკი.
როგორია ახალი აპარატით კვლევის პროცედურა და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისა და ორსულებისთვის?
ახალი აპარატით კვლევის პროცედურა სხვა ტომოგრაფებთან შედარებით უფრო სწრაფია, კვლევა ბევრად უფრო კომფორტულია პაციენტისთვის (ნაკლები ხმაურია, პაციენტს შეუძლია კვლევის განმავლობაში სასურველი მუსიკის მოსმენა), გრძელდება 15-დან 30-წუთამდე, აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, რადგან ამ გამოკვლევის დროს არ არის რენტგენული გამოსხივება, კვლევა დაფუძნებულია მაგნიტური ველის არსებობაზე, რომელიც რაიმე საფრთხის შემცველი არ არის.
ვის ურჩევთ ამ კვლევის ჩატარებას?
პირველ რიგში, პროფილაქტიკის მიზნით, ამ კვლევის ჩატარებას ვურჩევ ყველა ადამიანს, რათა არაინვაზიურად მოახდინოს თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი და თავიდან აიცილოს ის გართულებები, რაც ამ დაავადებას ახასიათებს ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში; ასევე აუცილებელია ამ კვლევის ჩატარება ნებისმიერი ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტებში, როგორიცაა: თავისა და ხერხემლის ტკივილი, კიდურების სისუსტე და დაბუჟება, მეტყველების პრობლემები, გულყრა და ა. შ.