ნათია თურნავას მოლოდინით, მომდევნო დღეებში ლარის კურსი თავის დაბალანსებულ ნიშნულს დაუბრუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით იყო გამოწვეული და რადგან, გაუფასურებაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს, $60 მლნ-ს ინტერვენცია საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარმა დაიწყოს დამშვიდება.
„ჩვენ ვიხილეთ კურსის მოკლევადიანი რყევა ბაზარზე, მაგრამ ვინაიდან ამის უკან რამე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი არ დგას და ეს ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის შედეგია, ასეთ დროს, ჩვენც ვაკეთებთ გარკვეულ ინტერვენციას და ჩავერიეთ ამჯერადაც – $60 მლნ მივაწოდეთ ბაზარს. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარმა დაიწყოს დამშვიდება. პარასკევს უკვე კურსი გამყარებისკენ წავიდა.
ველოდებით, რომ მომდევნო დღეებში დასტაბილურდება და ისევ თავის დაბალანსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. მათ შორის არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არ გაზრდილა, შემოდინებები ისევ მაღალია და აქაც არაფერი არ შეცვლილა. ეკონომიკური ზრდა მაღალია, ინფლაცია კვლავაც დაბალია. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ რამე ფუნდამენტურ ფაქტორს, რაც ვალუტის დიდი ხნით გაუფასურებას გამოიწვევს“, – ამბობს ნათია თურნავა.
bm.ge