„ერთი სიტყვა არ შეუცვლია“, – ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელშიც ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო.
მისი თქმით, სულ ბოლოს, ერთი წინადადებაა დამატებული, რომ „ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე – მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა“ – ამბობს ქადაგიშვილი:
„კანონპროექტი სამართლებრივად არის გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისი. პრეამბულაში, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ამ კანონპროექტში დანარჩენი ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა. ამიტომ ეს არის ვეტო – ვეტოსათვის, ანუ პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს დასკვნა, ჩამოვა, ალბათ, მომავალ კვირაში და შევხედავთ სამართლებრივ მხარეს, ამის შედეგად ვიმსჯელებთ. წინასწარ არ მინდა, რამე მოლოდინები შევქმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენჯერმე გააჟღერა, თუ იქნება ერთი მაინც საგნობრივი, სამართლებრივი არგუმენტი, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ამის გარშემო“.
ირაკლი ქადაგიშვილი ასევე ამბობს, რომ ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, რადგან ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი.
„პარლამენტში პროცესები როგორც მიდიოდა, ისევ ისე იქნება. თუ მოვა ოპოზიცია, იყვირებს, რუსული კანონიაო. ჩვენ საკანონმდებლო მუშაობას გავაგრძელებთ“, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
“აგენტების კანონს” პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო 18 მაისს დაადო და განაცხადა:
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“.
ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი – 83 ხმა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე