მეცნიერები გრიპის მრავალწლიანი მოქმედების ვაქცინას ქმნიან

მეცნიერები გრიპის საწინააღმდეგო ისეთ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც იქნება არა ერთ სეზონზე გათვლილი, არამედ უფრო ხანგრძლივი მოქმედების.
ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ვაქცინა უკვე გამოიცადა თაგვებსა და ნუტრიებზე და აღმოჩნდა, რომ ის უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას, ვიდრე – არსებული ვაქცინები. თუმცა, ახალი ვაქცინა უფრო ეფექტიანია ერთი დოზისა და განმეორებითი ინექციის შემდეგ და არა ერთი დოზის შედეგად.
გრიპი არის გავრცელებული ინფექცია, რომლითაც ყოველწლიურად მილიარდი ადამიანი ინფიცირდება. ჯანმოს მონაცემებით, სწორედ გრიპია მსოფლიოში ყოველწლიურად 3-5 მილიონი ადამიანის მძიმედ დაავადებისა და 650 ათასი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი. განსაკუთრებული რისკის წინაშე 5 წლამდე და ხანდაზმული ასაკის ადამიანები არიან.
გრიპის ვირუსები ცვლილებას განიცდის და ამ ეტაპზე მისგან დაცვის სტრატეგია გულისხმობს ყოველწლიური ვაქცინაციის ჩატარებას. ექსპერტები ამ ვაქცინებს ქმნიან იმის მიხედვით, ვირუსის რა სახეობები იქნება გავრცელებული უახლოეს სეზონში. სწორედ ვირუსის ცვლილება და ყველა ვარიანტის მიმართ მოქმედი ვაქცინის შექმნა დგას ახლა დღის წესრიგში.
ლინდი იანსი, ჰიუსტონის კლინიკის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ასეთ უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს და თავდაპირველად ამოცანა რთული იყო, თუმცა მის გადაწყვეტაში პროგრესი უკვე ჩანს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თუ ვაქცინა ადამიანებზეც ისეთ კარგ შედეგს აჩვენებს, როგორც ცხოველებზე, მსოფლიოში გრიპით ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობა შემცირდება. ამასთან, რადგან პრეპარატის მიღება ყოველწლიურად არ იქნება საჭირო, დაცვას უფრო მეტი ადამიანი მიიღებს.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოც ყოველწლიურად ყიდულობს. საუბარია 200 ათას დოზაზე. ვაქცინების გარკვეული რაოდენობა კერძო სექტორსაც შემოაქვს.
წყარო: jandacva.ge