კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, საქართველოში მომხდარი მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ინფორმაცია თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა, შემდეგ კი ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა.
კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ საქართველოში.
როგორც WSJ-ის სტატიაშია აღნიშნული, უცხოური აგენტების კანონსა და დემოკრატიაზე უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ.
ამავდროულად, კანონპროექტი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, კურსის ცვლილების შემთხვევაში, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან.
“ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რადგან მისი მოქალაქეები ცდილობენ შეაჩერონ ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტი”. – აღნიშნულია სტატიაში.
