მოსკოვში საქართველოსთან ფულადი გადახდების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა განიხილეს

რუსეთში გაიმართა ს ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა. ირკვევა, რომ განიხილეს საქართველოსთან ფულადი გადახდების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, „რათა რუბლიც და ლარიც გადახდის საშუალებები გახდეს და ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდეს შუამავლების გარეშე.“
პადალკოს თქმით, ვინც რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მშენებლობის საკითხშია ჩართული, “მისხალი ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება და არ იქნება გაყინული“. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.
მან გაიხსენა, რომ გასული წლის მაისში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა და აღდგა საჰაერო მიმოსვლა.
მისი თქმით, „ზოგ შემთხვევაში, ერთი კონცერტით შეიძლება გადაიფურცლოს ის მძიმე ფურცელი, რომელიც მრავალწლიანი დიპლომატიური გზებით ვერ გადაიფურცლა.“