“ქვეყნის სადარაჯოზე მდგომო ახალგაზრდებო! ახლა აქ ვდებ დოკუმენტს, რომელიც თქვენს ასაკში (მაშინ 22 წლის ვიყავი) არანაკლებ და ალბათ გაცილებით მტკივნეული, საშიში, ავისმომასწავეველი იყო, ვიდრე გუშინ მიღებული კანონი”

“ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ყოფილებო თუ გუშინ და დღეს ლექციებზე ვერ მოსულებო. ზოგადად, ქვეყნის სადარაჯოზე მდგომო ახალგაზრდებო!
ახლა აქ ვდებ დოკუმენტს, რომელიც თქვენს ასაკში (მაშინ 22 წლის ვიყავი) არანაკლებ და ალბათ გაცილებით მტკივნეული, საშიში, ავისმომასწავეველი იყო, ვიდრე გუშინ მიღებული კანონი.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოთხი წლის თავზე, ამ დოკუმენტით პარლამენტმა თანხმობა მისცა პრეზიდენტ შევარდნაძეს დსთ-ში ანუ მოდიფიცირებულ სსრკ -ში შესვლაზე. დსთ-ში, რომელშიც ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იყო ბალტიისპირეთის და საქართველოს გარდა.

სიტყვებით რთული გადმოსაცემია განცდა, სასოწარკვეთა, უიმედობა, რაც ამ სხდომის მერე მქონდა.

სამწუხაროდ ვერ მოვიძიე, არადა სადღაც ინტერნეტში შემონახულია, მაშინ ახალგაზრდა დეპუტატი ირაკლი მელაშვილი, როგორ ემუდარებოდა კოლეგებს არ გადაედგათ ეს ნაბიჯი. სასოწარკვეთას ისიც აასმაგებდა, რომ ახალი დაკარგული გვქონდა, ომი წაგებული და ეს ნაბიჯი ბოლო განწირული, თავმოყვარეობაწართმელი მუხზედაცემული ნაბიჯი იყო. გადახედეთ და ყურადღებით წაიკითხეთ გადაწყვეტილების მომხრეთა გვარები …. ბევრს საინტერესო დასკვნას გამოიტანთ და პარალელს გაავლებთ და მიხვდებით რატომაა ქართული პოლიტიკა ისეთი, როგორიცაა.

თუმცა ამ დოკუმენტის დადების მიზანი სხვაა.

იცოდეთ, სრულად ვგრძნობ და ვაცნობიერებ (რა თქმა უნდა არა მარტო მე) იმ ტკივილს, გულისტკენას, გაბრაზებას … რასაც შეიძლება ახლა გრძნობდეთ.
უბრალოდ გახსოვდეთ – ეს ქვეყანა უფრო საშინელი და სასტიკი გამოცდის და ხიფათის წინაშე ყოფილა, მაგრამ ვერავის დაუმონებია, დაუჩოქებია და გაუნადგურებია საბოლოოდ.

ჩვენ არ ვიყავით 1994 წელს იმდენი, რამდენიც თქვენ ხართ. არც თქვენსავით თავისუფლები და ლაღები ვყოფილვართ. ჩვენ საბჭოთა კავშირში დაბადებული ყოფილი ოქტომბრელები, პიონერები, ცოტა უფროსები კომკავშირლებიც ვიყავით. დახურულ საინფორმაციო სივრცეში და გარემოში დაბადებული და გაზრდილი თაობა, რომელთაც სამშობლოს სიყვარულს ჩურჩულით გვასწავლიდნენ მშობლები თუ პედაგოგები. რომელთაც საამაყო მხოლოდ ის ქონდათ ბოლო 50 წლის მანძილზე, რომ 1978 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენა დაატოვებინეს რუსებს, ამასთან გეორგიევსკის ტრაქტატის ძეგლი ედგათ ზაჰესში, თბილისის შემოსასვლელში და სერგო ორჯონიკიძის ვაკე-საბირთალოს გზაგასაყარზე.

ჩვენ ვიყავით თაობა, რომლებსაც ბავშვობაში აღდგომის მეორე დღეს ხელებს გვიმოწმებდნენ სკოლაში, წითელი ხომ არ გვქონდა შეღებილი კვერცხის კვალის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ წინა დღეს ყველა ოჯახში კვერცხი შეიღება.

ჩვენ 15 წელი და 2008 წელს რუსეთთან კიდევ ერთი ომი დაგვჭირდა, რომ ეს სამარცხვინო დოკუმენტი გაგვეუქმებინა და დსთ დაგვეტოვებინა.

განსხვავებით ჩვენგან თქვენ ხართ ლაღები, თავისუფლები, ამაყები, დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებული ნათელი თაობა.

ყველა შუალედური წარუმატებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მისაღები გამოცდილებაა დიდი წარმატების გზაზე.

თქვენ გაიმარჯვებთ, ბუნების კანონია ეგ და არავის შეუძლია მისი შეცვლა.

მიყვარხართ და მეამაყებით” – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი, ასოცირებული პროფესორი ზვიად კორძაძე.