აქციებზე დაკავებული 93 პირი პოლიციას არასათანადო მოპყრობაში ამხელს, 71-მა მიმართა საგამოძიებო სამსახურს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს.
უწყების ცნობით, მათგან 93 საუბრობდა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, 71-მა კი პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის მიმართა.
სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე, ბოლო ერთ თვის განმავლობაში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით, 382 ზარი შევიდა.
ერთთვიან უწყვეტ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მდგომარეობა შეაჯამა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა, რომლებიც მათ უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. მათი შეფასებით, ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს, არაადამიანურად ეპყრობა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებს მათ.
ერთი თვის განმავლობაში, 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე (577 07 05 63) ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა 189 პირმა დარეკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ასევე, ორგანიზაციებს დასახმარებლად მიმართა 30-მა მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომელიც დააჯარიმეს გზის გადაკეტვაში მონაწილეობის, შენობებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე ან ხე-ნარგავებზე საპროტესტო ბანერების განთავსების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის მუხლებით.
ორგანიზაციების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო აქციებზე დაკავებული 7 მოქალაქის მიმართ.