აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ისრაელში იარაღის გაგზავნას აიძულებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების დახმარების მხარდაჭერის აქტი 224 ხმით 187-ის წინააღმდეგ მიიღეს, მხარდამჭერ კონგრესმენებს შორის მხოლოდ 16 „დემოკრატი“ იყო, მის წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ სამმა „რესპუბლიკელმა“ მისცა.
Reuters-ის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ აქტი კანონი არ გახდება, მაგრამ მისი მიღება ხაზს უსვამს აშშ-ში არჩევნების წელს, ისრაელის პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ ღრმა განხეთქილებას.
აღნიშნული კანონპროექტის მიღებით, „რესპუბლიკელებმა“ გამოხატეს პროტესტი ისრაელში ბომბების გაგზავნის შეჩერებასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. ისინი ჯო ბაიდენს ისრაელისთვის ზურგის ქცევაში ადანაშაულებენ.
„დემოკრატები“ კი „რესპუბლიკურ“ პარტიას პოლიტიკით თამაშში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ისინი ისრაელის მიმართ ბაიდენის პოზიციას ამახინჯებენ.