„ვიღაცის უტიფარი პრინციპები და ქმედებები ჩვენ უკვე 60 მილიონი დაგვიჯდა, რეზერვის ხარჯვა ვერ გაგრძელდება უსასრულოდ“- რამაზ გერლიანი

„საფონდო ბაზარი ძალიან სენსიტიურია. განვითარებულმა მოვლენებმა კი შექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება იყოს არასტაბილური მდგომარეობა, რამაც განაპირობა საქართველოდან წარმოდგენილი კომპანიების აქციების კლება.“- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, სფერო ჰოლდინგის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების შეფასებისას ისაუბრა.
„საერთაშორისო პლატფორმებზე ისედაც თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია წარმოდგენილი და არასწორი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკით მათაც პრობლემები შეექმნათ. ინვესტორების მხრიდან ეს პროცესები იყო რისკად აღქმული და შედეგმაც არ დააყოვნა. თუ ეს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციის გზა გრძელვადიანად გაგრძელდება, ჩვენ შეგვექმნება ეკონომიკის თავისუფლების და დივერსიფიკაციის პრობლემები.“- განაცხადა რამაზ გერლიანმა.
ეკონომისტმა მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიტუაცია საფრთხილოა. ის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს.
„პირდაპირი ეკონომიკური პარამეტრებით პანიკის საფუძველი არაა. მაგრამ საფრთხილო სიტუაციაა, თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, გრძელვადიან პერიოდში შეუქცევადად მოხდება ლარის კურსის გაუფასურება, რაც იქონიებს მის მსყიდველობით უნარზე ზეგავლენას. პრობლემები იქნება საგარეო სავაჭრო ურთიერთობებიდანაც.
მოწოდების სიმაღლეზე უნდა აღმოჩნდეს ეროვნული ბანკი და პირველ რიგში ხელისუფლება. ვიღაცის უტიფარი პრინციპები და ქმედებები ჩვენ უკვე 60 მილიონი დაგვიჯდა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გაიტყორცნა,“ – აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
გერლიანის თქმით, დოლარის გაყიდვას დროებითი ეფექტი აქვს და ის ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს ეკონომიკას, ვიდრე ის ბუნებრივ პარამეტრებში არ დაბრუნდება. თუმცა ამ შემთხვევაში პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები არ ჩანს და მსგავსი ჩარევები შესაძლოა რამდენიმეჯერ დაჭირდეს ეროვნულ ბანკს.
„რეზერვის ხარჯვა ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, სანაცვლოდ მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან სტაბილურობას მივიღებთ.“- აღნიშნა ეკონომისტმა.