“ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს” – დღეს, მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების დღეა

ანდუყაფარო,
ლიპარიტო, –
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის
ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ
ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;
ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ ახლახანს
გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, –
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით
ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, –
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ, –
თუნდაც ჩამქოლონ.
ვერ შეაჩერებს ვერაფერი
სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით,
მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.