ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერმინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვსტუმრობდე ბატონ პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის.
თქვენო აღმატებულებავ, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. დღეს, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ჩვენ გვქონდა საუბარი უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებაზე. პირადად ვთხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება. იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება.