რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავრობო პროპაგანდისტული არხი ზვეზდას ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ პარლამენტის შენობასთან გამოკრულ პოსტერებზე უკრაინელი ნაციონალისტი, სტეპან ბანდერა იყო გამოსახული.
სინამდვილეში, მას ბანდერა ცისფერყანწელი პოეტი, ტიციან ტაბიძე ეგონა.
ტიციან ტაბიძის პოსტერებს საპროტესტო აქციაზე პარტია ევროპული საქართველო არიგებდა.
“კედლები აჭრელებულია ლოზუნგებით, მიკრულია სტეპან ბანდერას ფოტოები.” – ამბობდა 14 მაისის რეპორტაჟში პროპაგანდისტი კატერინა რადომსკაია. მისი რეპორტაჟის ეს მონაკვეთი დამოუკიდებელმა და ოპოზიციურმა რუსულმა მედია DOXA-მ გაავრცელა.
რადომსკაია გაექცა DOXA-ს ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ინტერესები ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხს საქართველოში. ამავე ჟურნალისტს 14 მაისს დემონსტრაციაზე ხელი ჰკრეს, რაზეც უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
სტეპან ბანდერასა და უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ОУН) ფრთას, რომელსაც ის უძღვებოდა, ბრალად ედება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაცია, ებრაელებისა და პოლონელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ბანდერას ჯგუფი და უკრაინელი პარტიზანები მეორე მსოფლიო ომის დროს უპირისპირდებოდნენ როგორც საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის მიწისქვეშა მთავრობის, ისე ნაცისტური გერმანიის ძალებს. ამ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს მოსკოვი საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს და ბანდერას ფიგურის სრულ დემონიზაციას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის უდიდესი მონაკვეთის პერიოდში, 1941-1944 წლებში ნაცისტური გერმანიის ზახსენჰაუსენის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. ომის შემდეგ ის გერმანიაში ცხოვრობდა, სადაც 1959 წელს საბჭოთა კავშირის КГБ-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) აგენტმა მოკლა.
უკრაინაში ზოგიერთი ადამიანი ბანდერას გმირად მიიჩნევს, რასაც რუსეთი საკუთარ პროპაგანდაში იყენებს, თითქოს უკრაინა ნაცისტური ქვეყანაა.
სამთავრობო-პროპაგანდისტულ არხ ზვეზდას, რომელიც 2004 წელს დაარსდა, მართავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის წარმომადგენლობას დღეს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს.