თბილისში KEBURIA-ს მაღაზია გაიხსნა

თბილისში, მერაბ კოსტავას 13 ნომერში KEBURIA-ს გაიხსნა. დიზაინი სანდრო კვირიკაძეს ეკუთვნის, რომელმაც KEBURIA-ს ნამუშევრების წარმოსაჩენად ვერცხლისფერი მეტალით და სარკეებით მოპირკეთებული მინიმალისტური და ორიგინალური გარემო შექმნა. როგორც გიორგი ქებურიამ fashionholicsonline-თან საუბრისას აღნიშნა მისი მთავარი მოთხოვნა იყო, შედეგი ფუტურისტული, სადა და მკაცრი ყოფილიყო, რომელსაც საკუთარი კოლექციით გაამრვალფეროვნებდა.
მაღაზიაში მოხვედრისთანავე, მომხმარებლის ყურადღებას, უპირველესყოვლისა, კედელზე დამონტაჟებული მონიტორი იქცევს, რომელიც სათვალეების თაროს ფუნქციასაც ასრულებს. მის ფერად ფონზე უწყვეტად მეორდება ბრენდის სახელწოდება. ასეთივე ტიპის მონიტორს ვხვდებით კონტრასტულ, ყავისფერ გასახდელ ოთახში, იტაკსა და კედელს შორის.
ფუტურისტული ესთეტიკის და, ამავდროულად, კლასიკური Cat Eye დიზაინის მქონე სათვალეებმა ქართველ დიზაინერ გიორგი ქებურიას და მის ბრენდს საერთაშორისო ცნობადობა მოუტანა. და ეს პროდუქტი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც KEBURIA-ს პირველ ფიზიკურ მაღაზიაში ნახავთ.
„გარდა უკვე აღნიშნული პროდუქტისა, მაღაზიაში წარმოდგენილია სხვა სტილის სათვალეები და ტანსაცმლის ready-to-wear კოლექცია. დიზაინერის თქმით, ეცადნენ, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის ფასები დაეწიათ, რადგან ექსპორტზე მუშაობენ და სხვა თანხებში უწევთ პროდუქციის გაყიდვა. “სეგმენტს ძალიან ვაკვირდები, ყოველთვის ექსპორტზე ვმუშაობდით და თბილისში გაყიდვები ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ახალი გამოწვევაა,” – აცხადებს გიორგი ქებურია.
მართალია KEBURIA-ს ფიზიკური მაღაზია ამ დრომდე არ ჰქონია, მაგრამ ბრენდს ყოველთვის ჰყავდა ქართველი მომხმარებლები, რომლებიც ძირითადად ონლაინ ყიდულობდნენ სასურველ ნივთებს.
fashionholicsonline.com