ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შესახვედრად ბაქოში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი მეზობელ ქვეყანაში პრეზიდენტის მიწვევით ჩადის.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება SPECA-ს (გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის) ეკონომიკურ ფორუმს. SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.
“ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს”, – წერია პრესსამსახურის განცხადებაში.
7-წლიანი პაუზის შემდეგ, ალიევი საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2022 წლის ოქტომბერში ეწვია. მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა ალიანსის დონეზეა, თანამშრომლობას კი აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ორმხრივი ფორმატის ხასიათი.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩავიდა და ილჰამ ალიევს შეხვდა. მოგვიანებით, 8 ოქტომბერს, საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია.