„შექმნეს დიდი იარა, რომელიც მხოლოდ საფონდო ბირჟებზე აქციის ფასებზე კი არა, გარდაუვალად მთელ ეკონომიკაზე აისახება“ – ნიკოლოზ შურღაია ე.წ. რუსულ კანონზე

„კანონზომიერია ეს პროცესი და არაფერი გასაკვირი ამაში არაა. გასაკვირი ისაა, რომ აქამდე ვერ ვიგრძენით მთელი სისრულით ეს რამდენად სერიოზული საკითხია“, – ასე აფასებს ყოფილი ბანკირი და მენეჯერი ნიკოლოზ შურღაია „კომერსანტთან“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასების ვარდნას, რაც ე.წ. რუსული კანონის დამტკიცებას უკავშირდება.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ფარისევლობაა იმის თქმა, რომ კანონი მარტივი ან უბრალო რამ არის და მხოლოდ გარკვეული ორგანიზაციების მიერ დეკლარაციების შევსებას ეხება.
„ეს არ არის ერთი ცალკეული საკითხი. მოვიყვან საბავშვო გამოცანას: ,,მავთულზე ზის 10 ჩიტი. თუ ქვას ვესვრით და ერთს მოვარტყამთ, რამდენი ჩიტი დარჩება?“
ეს მარტივი რამ კი არ არის, არამედ – ფუნდამენტური ცვლილება. ქალბატონმა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება სიდიდით მეორე მნიშვნელობის წარმატებაა 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგო. ეს ინიციატივა და ხელისუფლების ქმედებები მასთან დაკავშირებით, მართლაც რომ მნიშვნელოვანი რამ არის, ოღონდ ნეგატიური მნიშვნელობით.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ზღუდავს საზოგადოების თავისუფლებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციურ ორიენტაციას. შესაბამისად, ამან დაიწყო ასახვა საფონდო ბირჟაზე. მხოლოდ გუშინ სამმა ბრიტანელმა და მრავალმა ევროპელმა მეგობარმა დამირეკა ან მომწერა შეშფოთებით.
ყველა ლოგიკურად, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს, ვინც იცის როგორ მუშაობს ბაზრები, შეუძლია წარმოიდგინოს რა მოხდება ამ მიმართულებით. ბაზარი ახლა ფიქრობს, პოლიცია, რომ ხალხს ასე დაუნდობლად რომ სცემს, ხელისუფლება ასე ჯიქურ აგრძელებს მკლავების გადაგრეხის გზას და მისი ლიდერები ასე ცრუობენ, ხვალ რა ახალ სიცრუეებს, ან რა ახალ ძალადობას მიმართავს? …
ხელისუფლებისთვის სასურველი სცენარით მოვლენების დასრულების შემთხვევაში, ორი ძირითად შედეგი შეიძლება დადგეს. ან დიდწილად ჩავიკეტოთ და საქართველოსგან შექმნას ისეთი სტილის ქვეყანა, როგორიც ირანია; ან ს ქვეშევრდომი გავხდეთ ამა თუ იმ ფორმით, როგორიც არის ბელარუსი. ასეთი სცენარები სახიფათოა მათთვის ვინც: თავისუფალი ეკონომიკის გამო ცხოვრობს ან აბანდებს სახსრებს საქართველოში, ევროპულ ღირებულებას ატარებს, ან წმინდად მერკანტილურად – საკუთარი აქტივების, კრედიტების და დეპოზიტების უსაფრთხოებაზე დარდობს.
საფონდო ბირჟის რეაქცია არის ბიზნესის მოლოდინის ანარეკლი ხელისუფლების ქმედებებიდან და საზოგადოების პროტესტიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ კანონის მომხრეებს და პოლიციის სასტიკი ტაქტიკის მომწონებლებს დაფიქრებას ვურჩევ – რა არის სიღრმისეული მიზეზი, რის გამოც ქართველი ერის თავისუფლების და კეთილდღეობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სურთ?“ – აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ.
რაც შეეხება მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გარკვეული პირების წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვების საკითხს, რამაც მაღალი ტრიბუნებიდან გაიჟღერა, მისი თქმით, წინასწარ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, ვის მიმართ იქნება გამოყენებული სანქციები და რა შედეგს მოიტანს დასავლეთის ასეთი საპასუხო რეაქცია მათთვის მიუღებელ ქმედებებზე.
„ამ წუთისთვის ძნელია იმის პროგნოზირება თუ ვის მიმართ იქნება სანქციები, იმ გაგებით, რომ შეიძლება ისინი გამოყენებული იყოს პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ან ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე ფარული ზეგავლენის მომხდენ ადამიანებზე. აშკარაა, რომ სანქციების საფრთხე ჩვენს თავზე ჰკიდია და ეს ვითარება სავარაუდოდ მალე განვითარდება.
მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები არ შემოიფარგლება მხოლოდ სანქციების ეფექტით. სანქციებს შეიძლება დადებითი პროცესებიც კი მოჰყვეს, თუ ბაზარი ირწმუნებს, რომ მათ შედეგად ჩვენი ეკონომიკის განჭვრეტადობა და ქვეყნისთვის მაზიანებელი ადამიანები ჩამოგვშორდებიან სანქციების შედეგად.
საბაზრო ეკონომიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს მოლოდინებს. ეს ის ხედვაა, რომელიც უყალიბდება საქართველოს და ქართული კომპანიების საერთაშორისო კრედიტორებს, უცხოელ დეპოზიტორებს ქართულ ბანკებში, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს, იმ ადამიანებს, ვინც ბინას ყიდულობს იმ იმედი, რომ შემდეგ გააქირავებს და სხვა. ქართული აქციების ფასის ვარდნა სწორედ მოლოდინების ცვლილების შედეგია.
თუ კანონი ვერ შეჩერდა, მისი ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურად ასახვა მხოლოდ დროის საკითხია. ლოგიკური ჯაჭვი ასეთია – ინვესტორების და კრედიტორების უკმაყოფილება ან რისკის გაზრდილი შეგრძნება იწვეს კაპიტალის გადინებას. ადრე თუ გვიან, კაპიტალის გადინება ვალუტაზე გარდაუვალად აისახება. ასევე, სავარაუდოა საპროცენტო განაკვეთების ზრდა.
უძრავი ქონების ჭარბი მიწოდების პრობლემა რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანის პერიოდამდეც გვქონდა. გაუარესებული მოლოდინები აუცილებლად აისახება უძრავი ქონების ფასებზე და შესაძლოა სერიოზული ვარდნა გამოიწვიოს. ეს შეეხება დაკავშირებულ ინდუსტრიებს და მთლიანად ეკონომიკურ აქტივობას.
ბოლო წლების სწრაფი ეკონომიკური ზრდა, უმეტესწილად განპირობებული იყო ქართველი ხალხის და კერძო ბიზნესის მონდომებით და შრომით, ასევე იღბლიანი გარემო ფაქტორებით. ხელისუფლებას ხელი არ შეუშლია ბიზნესის განვითარებისთვის, ცალკეული შემთხვევების გარდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატებაც გვქონდა, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და წევრობის კანდიდატის სტატუსი.
არის გამოთქვა, „ძროხამ იწველა, იწველა, წიხლი ჰკრა და წააქციაო“. ვშიშობ, ჩვენი სათლი წაქცევის პირასაა – განაცხადა ნიკა შურღაიამ.