ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირის და 14 ქვეყნის [ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო] საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ავრცელებს განცხადებას საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღების შესახებ.
მათი განცხადებით, მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა “საგანგაშო და რეპრესიული” ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ:
“ჩვენ, როგორც ევრო-ატლანტიკური კანონმდებლები, გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა, ქართველებმა კი ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. “უცხოეთის აგენტის“ კანონი ასახავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას”.
განცხადებაში, ასევე საუბარია საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)”. განცხადების თანახმად, ეს ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათივე თქმით, “აგენტების კანონი” ეწინააღმდეგება მათ ასეთ “ღირებულ ძალისხმევას” და ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე “პირდაპირ თავდასხმას”.
“შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა ნამდვილ პატრიოტიზმს გამოხატავს, განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრით რუსეთს შეუერთდნენ.
ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით.
არ დავაყოვნებთ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკ სამიზნედ ქცევაზე, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ქართველ ხალხს ვეუბნებით: “თქვენ მარტო არ ხართ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.