არმაზ ახვლედიანი – თუ ვეტო დაძლეული იქნება, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მტკიცე ერთობას იხილავს – ვფიქრობ, დღის წესრიგში დადგება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი

მათ აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია გააჩნიათ იმ მავნებლობის შესახებ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოსთვის ჩაიფიქრა და თუ კანონი საბოლოოდ გაფორმდება, „ოცნება“ უნდა ელოდოს სანქციებს და უფრო მეტსაც, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ლატვიის, ს, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ვეტო დაძლეული იქნება, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მტკიცე ერთობას იხილავს და დღის წესრიგში აუცილებლად დადგება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო გზავნილები მე არასდროს მომისმენია. მათ აბსოლუტურად სრული, ზუსტი ინფორმაცია გააჩნიათ იმ მავნებლობის შესახებ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოსთვის ჩაიფიქრა და თუ ვეტო იქნება დაძლეული, ანუ კანონი საბოლოოდ გაფორმდება „ოცნება“ უნდა ელოდოს სანქციებს და უფრო მეტსაც, ბრიუსელიდან და თავისთავად ვაშინგტონიდან. მაგრამ რაც კიდევ უარესია „ოცნებისთვის“, ამის შემდეგ ის უნდა ელოდოს ოპოზიციის მტკიცე ერთობას და ჩვენი ხალხის სულ სხვა საპროტესტო ხმას, რომელიც ეს უკვე ჩემი მოსაზრებაა, განაპირობებს იმას, რომ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი, იმიტომ რომ ამათ ხელში, ამ პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი ხდება და მით უფრო გახდება, როცა ვეტო დაიძლევა,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ