ქართველი ებრაელი თამარ რონი ისრაელში ცნობილი მომღერალია. თამარის სასცენო სახელია ჟეან Gერ. ჯინჯი ივრითზე წითურს ნიშნავს. ასე ეძახიან მეგობრები მოფერებით და თვითონაც სასცენო სახელად აირჩია. ცოტა ხნის წინ მისი კიდევ ერთი სიმღერა გამოვიდა, თამარის ტექსტით, მუსიკით, არანჟირებით, თავადვე უკრავს. კლიპი გადაღებულია კირიათ-ტივონში, ყაყაჩოების გამოფენაზე, რომელიც 7 ოქტომბრის ტრაგედიას მიეძღვნა, იმ 1600 ისრაელელის ხსოვნას, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. გამოფენა ხელოვანის, სარა ავნინ დგანიშარის ჩანაფიქრია. ის ისრაელის ჩრდილო ნაწილში ცხოვრობს. იქ მოიძია ისინი, ვისაც ამ გამოფენაში წვლილის შეტანა სურდა. მათ ერთად მოქსოვეს ყაყაჩოები, ყოველ ყაყაჩოს დაღუპულის სახელი აქვს. გამოფენა განთავსებულია კირიათ-ტივონის წყლის კოშკში (გალერეა), ისრაელის ჩრდილოეთის ლამაზ ნაწილში და ყოველდღე ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. ალბათ, ერთადერთი გამოფენაა, რომელიც უამრავი სამახსოვრო წერილით მთავრდება. დამთვალიერებლების უმრავლესობა შთაბეჭდილებების წიგნში თავის შთაბეჭდილებებს წერს.”დიდი მადლობა, რომ მომეცა უფლება, მონაწილეობა მიმეღო და პატარა წვლილი შემეტანა იმ ადამიანების ხსოვნაში, რომელთა ოცნებები სასტიკად, უცაბედად შეწყდა. მარადიული იყოს მათი ხსოვნა”, – წერს წიგნში თამარი. თამარ რონი და მისი დედა, დიანა რონი ისრაელიდან გვესაუბრნენ:
· საზოგადოებისთვის უცნობი ძმისშვილი, ულამაზესი დედა და მამა, რომელსაც შვილის სიკვდილმა მეტყველება წაართვა – ლევან აბაშიძის ცხოვრებისა და ოჯახის უცნობი ამბები
თამარ რონი: დედაჩემი, დიანა, 1994 წელს ისრაელში ერთწლიანი პროგრამით ივრითის ენისა და ისრაელის ისტორიის სასწავლებლად წამოვიდა, მაგრამ, ალბათ, განგებასა და დიანას სხვადასხვა გეგმა ჰქონდათ. დედას თბილისის მუსიკალური სკოლის ნიჭიერთა ათწლედი აქვს დამთავრებული, პარალელურად იერუსალიმის მუსიკალურ აკადემიაში ჩააბარა (როგორც დედა ამბობს, ბედი მოსინჯა), ჩაირიცხა და უნდა გადაეწყვიტა ან თბილისში დაბრუნებულიყო, ან იერუსალიმში დაეწყო სწავლა. დედამ იერუსალიმი აირჩია. მისი ოჯახი კი თბილისში იყო. მერე დედა შეხვდა მამას, რომელიც ცაბარია (ადგილობრივი მკვიდრი). დედას მშობლები 2010 წელს ჩამოვიდნენ ისრაელში.
– დედას მშობლებზე გვიამბეთ…
– ბებო და ბაბუ, სიმა და ლერი შიმშილაშვილები, თბილისში ცხოვრობდნენ, საქართველოზე შეყვარებული ქართველი ებრაელები. სამწუხაროდ, ბაბუ 10 წლის წინ გარდაიცვალა. განუმეორებელი თამადა იყო, თანამდებობის გამო ხშირად უწევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყოფნა. ზედმიწევნით იცოდა საქართველოს ისტორია, კულტურა და ლიტერატურა… ბაბუ ყველაზე პატრიოტი ქართველი ებრაელი იყო და ამის გამო ძალიან უჭირდა საქართველოს დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ შვილები ისრაელში იყვნენ. რამდენიმე წლის მერე დიანას ძმაც ისრაელში გადმოვიდა საცხოვრებლად. ისრაელში ბებია და ბაბუა 2010 წელს ჩამოვიდნენ, თუმცა სულით ისევ საქართველოში დარჩნენ.
– როგორი იყო ისრაელში ცხოვრების თავიდან აწყობა?
– დედა იერუსალიმის მუსიკალურ აკადემიაში სწავლობდა, არ იყო ადვილი მარტო, ოჯახის გარეშე გზის გაკვლევა, თუმცა იყვნენ სხვა თბილისელი სტუდენტებიც და ერთმანეთს აძლებინებდნენ. მერე დედა შეხვდა მამას, ური რონს, პროფესიით ჟურნალისტს. მაშინ მამა რადიოში მუშაობდა გადაცემის წამყვანად, დედა კი თურმე ყოველდღე უსმენდა მის პროგრამას და რადიოს საშუალებით ივრითს იუმჯობესებდა. დედა და მამა დაქორწინდნენ და დღემდე იერუსალიმში ვცხოვრობთ.
– როგორც ვიცი, თქვენი სიმღერები მხოლოდ ისრაელში არ არის აღიარებული…
– პირველი სიმღერა, Iნვისიბლე (“უხილავი”), 19 წლის ასაკში ჩავწერე. ეს ახალი გზის დასაწყისი იყო ჩემს ცხოვრებაში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ტექსტი და მუსიკა ჩემია. სახლში პატარა ჩამწერი სტუდია მაქვს, პირველი სინჯი სახლში ჩავწერე და ისრაელში წამყვან მუსიკალურ პროდიუსერებს, დეგოსა და საბოს გავუგზავნე. მაშინვე დამიკავშირდნენ და სიმღერა მათ სტუდიაში ჩავწერეთ. სიმღერის ტექსტი ადამიანის მარტოობასა და ადამიანის უხილავობაზეა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი მეგობარი ჰყავდეს.
· “5 რამ დამიბარა სიკვდილამდე” – რას იხსენებდა ანასტასია ბენდუქიძე მამის შესახებ
განათლება კლასიკური მუსიკის განხრით მივიღე, ძალიან მიყვარს ჯაზი, როკი, პოპმუსიკა… ჩემს მუსიკაში სხვადასხვა ჟანრის გავლენაა. ყოველთვის ვიყენებ საყვირს, როგორც ლაიტმოტივს. სიმღერა ისრაელისა და საზღვარგარეთის წამყვან რადიოსადგურებზე გავიდა… მეორე სიმღერა, Mისს თჰე Fეელინგ, პროდიუსერ დეგოსთან ერთად ჩავწერე, განსაკუთრებული პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა, სხვადასხვა რადიოსადგურსა და მედიის პლატფორმაზე. მესამე ახალი სიმღერა, ჩირცელს, რომელიც სულ ერთი კვირის წინ გამოვიდა, პროდიუსერ დეგოსთან ერთად ჩავწერე. სიმღერის ტექსტი ადამიანის იმედსა და აუხდენელ ოცნებებზეა. სიმღერა ისრაელში დატრიალებული ტრაგედიის 7 ოქტომბრის მერე დაიწერა. სიმღერის კლიპი კირიათ-ტივონში, ხელით ნაქსოვი ყაყაჩოების გამოფენაზე გადავიღეთ. გამოფენა ეძღვნება 7 ოქტომბერს დაღუპულ 1600 ისრაელელს. გამოფენის სახელწოდებაა “ყაყაჩოები ყოველთვის იყვავილებენ”. გამოფენაზე 1600 ყაყაჩოა და ყველას თავისი სახელი აქვს. ამ კლიპითა და სიმღერით მინდა პატარა წვლილი შევიტანო მათ ხსოვნაში.
– საქართველოში თუ ჩამოსულხართ?
– დიახ, საქართველოზე ფანტასტიკური შთაბეჭდილებები დამრჩა, განსაკუთრებით ბუნება, სიმწვანე და წვიმა მომეწონა ზაფხულში (ისრაელში წვიმა მხოლოდ ზამთარში მოდის)… ადამიანების სითბო და უბრალოება, გულუხვობა, რაც, ალბათ, მხოლოდ საქართველოს ახასიათებს, ბებიას და ბაბუს სახლი ავლაბარში, დიდი ტალავრით… მეზობლები, ბებოს დაქალები, რომლებიც ყოველდღე გვაკითხავდნენ და კითხულობდნენ, თამარს დღეს სად ასეირნებთო. იყო კიდევ ერთი მხიარული ფაქტი: მე წითური, ჟანგისფერი თმა მაქვს, რატომღაც ბუნებრივი არავის ეგონა და დედას ეკითხებოდნენ, ასე როგორ შეუღებეთო.
· 5 ქართველი ქალის წარმატების ამბავი უცხოეთში
დიანა რონი: – თამარი 2002 წელს დაიბადა იერუსალიმში, ძალიან მხიარულ, ხმაურიან ოჯახში. თამარს და-ძმაც ჰყავს, კერენი და დავიდი. თავად ძალიან მიზანდასახული და ნიჭიერი გოგოა. მუსიკის გარდა ათლეტიკური ტანმოვარჯიშეცაა, ძალიან ბევრი შეჯიბრება აქვს მოგებული. როცა თამარს მუსიკალური ნიჭი შევამჩნიე, ფორტეპიანოზე მივიყვანეთ, თუმცა 9 წლისამ გადაწყვიტა, რომ საყვირზე დაკვრა უნდოდა. რატომღაც ჩავთვალე, რომ საყვირი ძნელი ინსტრუმენტია და გოგოს ნაკლებად შეეფერება, მაგრამ არანაირმა ლაპარაკმა არ გაჭრა. თამარმა საყვირზე დაკვრა დაიწყო. თავიდან ყველას გვეგონა, რომ ბავშვური ახირება იყო და გადაუვლიდა, მაგრამ პირიქით მოხდა.