ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1254 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 77 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 334 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 28 მგვტ, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 920 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – 49 მგვტ.
„სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.
ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ