შეერთებული შტატები უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის რიგ სფეროებში – „ავიაციიდან დაწყებული საჰაერო თავდაცვით დამთავრებული და დრონებიდან დაწყებული ნაღმების გაწმენდით დამთავრებული“.
ბლინკენის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმება ხელს შეუწყობს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების დაჩქარებას და საშუალებას მისცემს უკრაინას მომავალში აწარმოოს საკუთარი საბრძოლო მასალა და არტილერია.
შეგახსენებთ, 2023 წლის ივლისში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინასთან ერთად მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებისთვის საფუძველი გახდა. ამ შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე. უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი უკვე ცხრა ქვეყანასთან მოაწერა, მათგან ბოლოს – ლატვიასთან.