„არსებობს პერსპექტივა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდებათ სესხები ან საერთოდ ვეღარ აიღებენ“ – ე.წ. „რუსული კანონის“ გავლენა საფინანსო სექტორზე

არსებობს პერსპექტივა, რომ გაგვიძვირდება ფინანსური რესურსის მოზიდვა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდებათ სესხები ან საერთოდ ვეღარ აიღებენ – ამის შესახებ კომენტარი „კომერსანტთან“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ ე.წ. „რუსული კანონის“ საფინანსო სექტორზე გავლენის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, საფინანსო სექტორზე უკვე აისახა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო პერიოდში ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, მაშინ როდესაც უკანასკნელ თვეებში ამ მიმართულებით ზრდა ფიქსირდებოდა.
„ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო ფონდების განცხადებები, ასევე ვხედავთ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც გვემუქრება იმით, რომ შეიძლება ჩავიხსნათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან. ეს გამოიწვევს თავისთავად ჩვენი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას და ყველაზე მეტად გაჭირვებულ ადამიანებზე აისახება.
რუსული კანონის ამოქმედება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხება და დააზარალებს. პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების მიღმა, მისი ამოქმედების შემდეგ ჩნდება რისკები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყნიდან გასვლის მიმართულებითაც. ნელ-ნელა არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენ ქვეყნიდან და აღარ დარჩებიან ქვეყნის მოქალაქეების დამცველი ორგანიზაციები.
არსებობს პერსპექტივა, რომ გაგვიძვირდება ფინანსური რესურსის მოზიდვა, რადგან მოგეხსენებათ ქართული საფინანსო ინსტიტუტები თანხებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდებათ სესხები ან საერთოდ ვეღარ აიღებენ.
ქვეყანა, რომ სარისკო გახდა ინვესტორებისთვის, ამას მოწმობს ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასების შემცირებაც, რომელიც ბოლო 6 თვეა იზრდებოდა და ამ მოვლენების შედეგად, ბოლო პერიოდში დაიწყო შემცირება“, – ამბობს გიორგი კეპულაძე.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო. კენჭისყრის შედეგებით კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პროცედურის თანახმად, ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ვეტოს დაადებს და კვლავ პარლამენტს დაუბრუნებს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კანონპროექტს, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.