თეთრი სახლი: თუ კანონს მიიღებენ, ფუნდამენტურად გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოსთან

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თეთრი სახლის განცხადება წაიკითხა.
განცხადების მიხედვით, აღნიშნული კანონი დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული და მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ფუნდამენტურად გადახედავს ურთიერთობას საქართველოსთან.
“ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში კრემლის სტილის უცხო აგენტების კანონით, რომელიც ახლახანს მიიღეს და მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა, გაურკვეველია, პარლამენტი შეეცდება თუ არა პოტენციური ვეტოს დაძლევას. ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი შეშფოთება იმ კანონზე, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ს დააშორებს.
ქართველი ხალხი ამ კანონთან მიმართებით საკუთარ აზრს აფიქსირებს და ქუჩაში დემონსტრაციებს მართავს. შაბათ-კვირას ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქციები ათობით ათასი მშვიდობიანი მომიტინგეთი, რომელთა წინააღმდეგაც უშედეგოა დაშინების ტაქტიკები. ისინი მთავრობას ეუბნებიან, რომ უკან წაიღოს ეს კანონი, რადგან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი.
ჩვენ ვნახავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ თუ ეს კანონმდებლობა საბოლოოდ იქნება მიღებული, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან” – ნათქვამია განცხადებაში.
14 მაისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც პრემიერმინისტრ ს, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.
თავდაპირველად, იგეგმებოდა ო’ბრაიენის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთანაც, თუმცა, ქართული ოცნების ლიდერმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
დღის ბოლოს ო’ბრაიენმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თუ ქართული ოცნება ამ კანონს ევროკავშირის სტანდარტებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევით მიიღებს, აშშ მმართველი გუნდის წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებს.

ასევე დაგაინტერესებთ