აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დროს თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს

აქცია-მსვლელობის დროს მათ გადაკეტეს გმირთა მოედანი, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. ნაწილი წავიდა ჭავჭავაძის გამზირისა და მოსაშვილის ქუჩის მიმართულებით, ასევე დემონსტრანტების ნაწილმა გადაკეტა მტკვრის სანაპიროები. პარალელურად, მომიტინგეების ნაწილი დარჩა პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასევე გადაკეტილია.
მანამდე, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს.
“შეაჩერეთ ეს კანონი” – ასე მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა საქართველოს ხელისუფლებას.
საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიების პარალელურად, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ისინი საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს შორის არიან:
· გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი;
· ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი;
· პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი;
· ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
· ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.
დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ. ისინი მხოლოდ კოლეგამ, პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მიიღო „ქართული ოცნების“ ოფისში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ