სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის – კახა შენგელია

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სოსო ბერიკაშვილს არაკაცი უწოდა. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა პრეზიდენტის პოზიციით ბერიკაშვილის განცხადებასთან მიმართებაში.
მანამდე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით, ხელისუფლების კრიტიკისთვის გაათავისუფლეს.
„სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი. სამწუხაროდ, დაემთხვა ამ სიტუაციას და ის ახლა იყენებს სათავისოდ რომ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედლოს.
ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის.
საჯაროდ ვაცხადებ არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა.”- ამბობს კახა შენგელია.