რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ დღეს, 14 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქე“ კახა მურადოვი გაგრაში დააკავეს ჯერ კიდევ 24 აპრილს.
ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას „ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე“.
ოკუპირებული რეგიონის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებთა ჩართვას ფარულ საქმიანობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებისთვის. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, კახა მურადოვს, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების, მათ შორის „მხედრიონის“ ყოფილ მეთაურებთან.
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა მურადოვის „ჩვენება“, რომლის მიხედვით, დავალებული ჰქონდა აფხაზეთში რუსეთიდან შესულ მატარებლებზე თვალთვალი იმის დასადგენად, ხომ არ არიან დატვირთული სამხედრო ტექნიკით და ასევე, დაგეგმილი იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად მისი „ჩანერგვა“ აფხაზეთის „სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამხედრო ობიექტებზე“. გარდა ამისა, დავალებული ჰქონდა საქართველოსთან აფხაზეთის შეერთების მხარდამჭერი „ლოიალური ადამიანების“ მოძებნა და მათთვის ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსური დახმარების სახით დაგეგმილი იყო ერთი მილიონი ლარის გამოყოფა.
საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუვრცელებიათ.