ფინანსთა სამინისტრო – საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის კავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში, რაც კანდიდატი ქვეყნების ევროპულ სემესტრში ინტეგრირებისთვის მომზადების ინსტრუმენტს წარმოადგენს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ქ. ბრიუსელში, მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭოს (ECOFIN) შეხვედრაში.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან ერთად ესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ წელს, 15 იანვარს საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ ევროკომისიაში პირველად წარადგინა ეკონომიკური რეფორმების პროგრამა (Economic Reform Programme, ERP). აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების ინტეგრირებას ევროპული სემესტრის დაგეგმვის ფარგლებში.
„შედგა შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ეკონომიკური რეფორმების გეგმა, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ პირველად წარუდგინა ევროკომისიას. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს საკმაოდ წარმატებული გამორჩეული პოზიცია არა მხოლოდ კანდიდატ, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებითაც. საქართველო გამორჩეულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წელს ერთ-ერთი დაბალია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. ასევე, ქვეყანამ ძალიან სწრაფად მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, როგორც საბიუჯეტო დეფიციტის, ასევე საგარეო ვალის შემცირების მიმართულებით. გარდა ამისა, განხილული იყო საქართველოში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყანას მომავალ პერიოდში მიაღწიოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
„შეხვედრაში მონაწილეობენ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, თურქეთის, უკრაინის ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკების პრეზიდენტები, ევროკომისიისა და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი დასკვნების გამოქვეყნება, რაც აჯამებს საქართველოს და სხვა კანდიდატი ქვეყნების მიერ მომზადებული ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) შეფასებას და მასზე დაფუძნებით გასცემს რეკომენდაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური გეგმების შემდგომი განახლებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) პირველი დოკუმენტი მოიცავდა, როგორც სავალდებულო მაკროეკონომიკური პროგნოზების და ანალიზის ნაწილს, ასევე სტრუქტურული რეფორმების ნაწილს.
შესაბამისად, ევროკავშირის მიერ რეკომენდაციები მომზადდა, როგორც მაკრო-ფისკალური ნაწილის, ისე სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, როგორიცაა ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, არაფორმალური ეკონომიკა და დასაქმება, ადამიანური კაპიტალის განვითარება და მასთან დაკავშირებული განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმები და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.