აწსუ-ს ლექტორთა ნაწილი რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს უერთდება

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი უერთდება რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხარს უჭერენ საკუთარ სტუდენტების გადაწყვეტილებას გაფიცვის შესახებ.
“ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ვაპროტესტებთ “კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ.
მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავლის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი, პროფესორ-მასწავლებლების პოზიცია. ქართული განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს. საქართველოს, მისი ხვალინდელი დღის ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია! არა რუსულ კანონს!”, – აცხადებენ ისინი.
განცხადებას ამ დროისთვის 50-მდე ლექტორი აწერს ხელს. სია განახლებადია.
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გუშინ გაიფიცა.
“ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, კანონს, რომელიც გვიზღუდავს თავისუფლებას, იმ თავისუფლებას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და უნდა გავაგრძელოთ მემკვიდრეობა”, – განაცხადეს მათ.
გაფიცულები არიან კიდევ 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები. სტუდენტთა პროტესტს შეუერთდა პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილიც.
პარალელურად, დღეს, 14 მაისს, 38 უნივერსიტეტის რექტორმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. ისინი აკრიტიკებენ იმ ლექტორებს, რომლებიც შეუერთდნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს.
რექტორების 14 მაისის განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში დაიწერა და უნივერსიტეტებში ხელმოსაწერად გადაიგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!