„აქციების დროს ფიზიკური პირების მხრიდან დროშებზე მოთხოვნა შედარებით მეტია“ – არდიექსი

„აქციების დროს ფიზიკური პირების მხრიდან მომართვიანობა შედარებით მეტია ვიდრე ჩვეულებრივ დროს, მოთხოვნა საქართველოს, ევროკავშირის დროშებზეა ან ორივე მათგანზე“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „არდიექსის“ დირექტორმა თემურ დარსაველიძემ უთხრა. მისი თქმით 1,5X1მ-ზე დროშების ღირებულება 40 ლარია.
კომპანია „არდიექსი“ ქვეყნის დროშების გარდა კომერციულ დროშებს კომპანიებისთვისაც აწარმოებს, დარსაველიძის თქმით აღნიშნულ დროშებზე ფასი გაცილებით მაღალია, თუმცა ქვეყანაში აქციების, არეულობების და არჩევნების დროს თითქმის უსაქმოდ რჩება.
„როდესაც ქვეყანაში არეულობაა ვზივართ უსაქმოდ, დროშები აღარ იყიდება, ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ყველა არჩევნების და მიტინგების დროს დროშებს ვერ ვყიდით.
ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების დროშებზე ვმუშაობთ, გარდა სახელმწიფო დროშებისა, დროშა ასევე სჭირდება ძალიან ბევრ კომერციულ სტრუქტურას. მაშინ როდესაც ქვეყანაში უწესრიგობა და არეულობაა გამოდის, რომ ამაში ფულს არ ხარჯავენ და ეს მათთვის მხოლოდ დამატებით სერვისია.
აქციის მონაწილეები ნაკლებად მოგვმართავენ, ძირითადად კერძო პირები მოდიან ჩვენთან, ახლა ისეთი მდგომარეობაა ხელფასს როგორ დავარიგებთ არ ვიცით, თუმცა აქციების დროს ფიზიკური პირების მომართვიანობა ჩვეულებრივზე მეტია“ – აღნიშნა თემურ დარსაველიძემ.
დარსაველიძის თქმით მათი სერვისი ძვირად ღირებულია, რადგან ციფრული ბეჭდვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო დროშის 1×1.5 მეტრზე ფასი 40 ლარია, ხოლო კომერციული დროშების ღირებლება გაცილებით მაღალია, რადგან სხვა მასშტაბებზეა საუბარი.