თურქეთი კრიპტო რეგულირების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

თურქეთში, „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ემზადება, პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი კრიპტო რეგულირების შესახებ.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კრიპტოსფეროს კონტროლის უფლებამოსილება გადაეცემა კაპიტალის ბაზრების საბჭოს (CMB). კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციები დაექვემდებარება გადასახადს.
გარდა ამისა, CMB, როგორც კრიპტო ინდუსტრიის მთავარი მარეგულირებელი, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოსთან თანამშრომლობით, გასცემს ნებართვებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარების, გამოყენებისა და გაყიდვისთვის.
ახალ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს ერთ კვირაში წარედგინება, ფინანსთა მინისტრის მეჰმედ შიმშეკის მხარდაჭერა უკვე აქვს.
ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლება აპირებს კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრებას საერთაშორისო ფინანსური სამოქმედო ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის FATF-ის ნაცრისფერი სიიდან ამოღებას, სადაც ის შევიდა არასაკმარისი ზომების გამო, უკანონო საქმიანობის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველად.