ლარი წლიურად 10.4%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი გაუფასურდა

მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.6558-დან 2.6818-მდე (0.98%-ით), ხოლო ევროს მიმართ – 2.8675-დან 2.9123-მდე (1.56%-ით) გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6953 და 2.9063 შეადგინა. მარტში ლარი- დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7128 იყო, მინიმალური კი – 2.6570.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები დაახლოებით თანაბრად იყო გადახრილი.
მარტში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია დრამის, ევროს და რუბლის გამყარება, გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა; ასევე გაუფასურდა ლარიც, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
„ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა როგორც წლიურ, ასევე თვის ჭრილში. წლიურად, მარტში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 1.7%-ით, თვის ჭრილში კი 1.1%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის მარტთან შედარებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.4%-ით გამყარდა, თვის ჭრილში გაუფასურება 0.4%-ია.
ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის.
სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, აშშ-ში, სა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 მაისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6804 ლარი გახდა.