“გადაადგილების თავისუფლება ინგოროყვაზე მთავრდება” – პარლამენტთან ჩასასვლელ ქუჩებზე ქვეითების მოძრაობა შეზღუდულია

აქტივისტი თათუშა არველაძე ამბობს, რომ “აგენტების კანონის” განხილვის პარალელურად, შეზღუდულია პარლამენტთან მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილება. მისი გადმოცემით, 14 მაისის დილას პოლიცია ქვეითად მოსიარულეებს არ უშვებდა ზემოდან ჩამომავალ ქუჩებზე – ამ ქუჩებზე მოხვედრა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გაცემული საშვების მქონე მანქანებისთვის ან მოქალაქეებისთვის იყო შესაძლებელი. სავარაუდოდ, ამ ქუჩებს იყენებდნენ პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად – იმ დროს, როცა თათუშა არველაძე ჩიტაძის ქუჩაზე ზემოდან ჩასვლას უშედეგოდ ცდილობდა, ქუჩაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა დეპუტატების, მათ შორის ს ავტომობილიც.
“უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოცემულ ტერიტორიაზე შესვლა არის შეზღუდული”, – ამ არგუმენტით ეუბნებოდნენ უარს პოლიციელები მოქალაქეებს პარლამენტის მიმართულებით ზედა ქუჩებიდან გადაადგილებაზე. ნაწილობრივ შეზღუდული იყო მოძრაობა როგორც ჩიტაძის ქუჩის, ასევე ინგოროყვას ქუჩის ნაწილზე.
“ერთი 50 პოლიციელი საშვით უშვებს [მოქალაქეებს] ჭონქაძე-ინგოროყვას კუთხიდან. თქვენ გაქვთ სახელმწიფო საშვი? ვუთხარი – არა. უცბად მანქანას ატარებენ. გაიყო ასე პოლიციის კორდონი და ყაველაშვილი შემრჩა ხელში. იქიდან არავის არ უშვებენ – გადაადგილების თავისუფლება ინგოროყვას ქუჩაზე მთავრდება”, – ჰყვება აქტივისტი ფეისბუკლაივში და აჩვენებს პოლიციელებს, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს შორის ჩასასვლელებთანაც არ უშვებენ ქვეითებს უსაფრთხოების ნორმების დაცვის არგუმენტით. როგორც არველაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ზედა ქუჩებზე შეზღუდვის პარალელურად, სრულიად თავისუფლად შეიძლება გადაადგილება პარლამენტთან რუსთაველიდან ამომავალ ქუჩებზე.
გადაადგილების შეზღუდვის ფაქტს რადიო თავისუფლებას უდასტურებენ ადგილობრივებიც – მოქალაქეები, ვისაც რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ქუჩებზე ესაუბრა, ამბობენ, რომ არა მხოლოდ დღეს, ხალხმრავალი აქციებისას პოლიცია მათ ხშირად აჩერებს სახლისკენ მიმავალ გზაზე და სთხოვს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად სახლში მიდიან. საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობებში საცხოვრებელი მისამართის შესახებ ჩანაწერი არ არის.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს იმის გარკვევას, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზეა შეზღუდული გადაადგილება პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე.
დღეს, 14 მაისს, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს “აგენტების კანონს”, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში თითქმის ერთი თვეა ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს.