ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, გამოფენის ,,RAW Wine Tokyo” სტუმრები ქართული მარნების: „კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, „ბაღდათი ისთეითი და „ანბანი“ ღვინოებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ.
გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
ტოკიოში გამართულ გამოფენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.