ჩაიკეტება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით დედაქალაქის მთავარი გამზირი

მოსალოდნელია, თუ არა, რეაბილიტაციის მიზნით რუსთაველის გამზირის ჩაკეტვა? ის, რომ 2024 წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება და 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება, თბილისის მერმა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპი შენობების ფასადების მოწესრიგებას ითვალისწინებდა, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები კი მეორე ეტაპად განხორციელდებოდა.
აპრილ-მაისში ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, კვლავ გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით დედაქალაქის მთავარი გამზირი შეიძლება ერთი თვით დაიკეტოს. ამასთან დაკავშირებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, საზოგადოებაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
„კომერსანტი“ საკითხის გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარისთვის პროექტის უშუალო შემსრულებელთან თბილისის განვითარების ფონდთან გადაგვამისამართა.
თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოების გამო გზების გადაკეტვაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.
„რუსთაველის გამზირის ფასადების პროექტირება ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ზაფხულის ბოლოს გვექნება პროექტები. პროექტების დასრულების შემდეგ წარვადგენთ მთავრობაზე ინიციატივას, ამის შემდეგ მერია გამოყოფს ბიუჯეტს სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. გზის გადაკეტვაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.“- აცხადებენ თბილისის განვითარების ფონდში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციისთვის, 30 მილიონი კი საგზაო ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯება.