ვედანტ პატელი: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გააგრძელოს EU-ში ინტეგრაციის გზა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა.
“ვფიქრობ, რომ ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს არ შეესაბამება – არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს.” – თქვა ვედანტ პატელმა.
პატელის თქმით, კანონი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არაა თავსებადი საქართველოს გაცხადებულ მიზნებთან – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.