ბათუმის მერია გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეულ საქონელს სოც.დაუცველებს გადასცემს

ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის დროს ჩამორთმეულ საქონელს სოციალურად დაუცველ, მზრუნველობამოკლებულ ან თავშესაფარში მცხოვრებ პირებს გადასცემს – ამის შესახებ უწყების მიერ საკრებულოში შეტანილი დადგენილების პროექტშია საუბარი, რომელიც ჩამორთმეული საქონლის განკარგვის წესს ადგენს.
გამოცემა “ბათუმელები” წერს, რომ პროექტის მიხედვით, “გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საქონლის კონფისკაციის/ჩამორთმევის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ქალაქ ს მუნიციპალიტეტის საკუთრებას”.
“აღნიშნული ქონება ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება. ხოლო ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოთ აღნიშნული იურიდიული პირებისთვის/დაწესებულებებისთვის ქონების გადაცემაზე ბათუმის მერიის სახელით უფლებამოსილია „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“, – წერია პროექტში.
ცნობილია, რომ ქალაქის საკრებულო დადგენილების პროექტს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.