მომიტინგე, რომელსაც პოლიციელები დაკავებისას თავში ურტყამდნენ, კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც პოლიციელები მიზანიმართულად თავში ურტყამდნენ, წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ქობესაშვილმა დაუდასტურა.
იურისტის თქმით, გურამ ადამიას, რომელსაც დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, დაზიანებები სახისა და თავის არეში ჰქონდა და მისი წინასწარი მოთავსების იზოლატორში დატოვება შეუძლებელი იყო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დაზიანებები აქვთ დღეს დაკავებულთა უმეტესობას. მისი თქმით, დაკავებულთა უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, როელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორში აღმოუჩინეს, თუმცა მათი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ დამდგარა.
-ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი სამართალდამცველთა მხრიდან გამთენიისას და დილით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე, რასაც სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.
მათი მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ხელისუფლებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში დღეს, 13 მაისს განიხილა.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომელთაც ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს, გამთენიისას კი მომიტინგეთა ახალი ნაკადები შეუერთდნენ, პოლიცია წიწაკის სპრეით დასდევდა, სცემდა და აკავებდა.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა