EU-ს 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონზე ბორელსა და ვარჰეის მიმართავს

ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის. წერილს რადიო თავისუფლება ავრცელებს.
წერილში, რომელიც 10 მაისით არის დათარიღებული, ნათქვამია, რომ საქართველოს პროევროპული და დემოკრატიული კურსი საფრთხეშია, ვითარება უარესდება და მთავრობა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს უპირისპირდება.
მინისტრები ბორელს და ვარჰეის მოუწოდებენ, რომ ევროკომისიამ გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება რუსული კანონის მიღებას საქართველოსთვის წარდგენილი 9 რეკომენდაციის შესრულებაზე. მათივე თქმით, ეს განცხადება საბოლოო კენჭისრყამდე უნდა გასაჯაროვდეს.
მოგმართავთ ღრმა შეშფოთებით საქართველოში გაუარესებულ ვითარებაზე.
წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპულ მისწრაფებებს მთელი გულით ვუჭერდით მხარს და დღეს განვაგრძობთ დგომას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან – დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების არჩევანთან.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მას წინა დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გადაეცა იმ დათქმით, რომ გატარდებოდა დამატებითი რეფორმები, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის მხრივ, საქართველოს მთვრობა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინ წაწევის შანსის საფრთხეში ჩაგდების გზას ადგას.
სანამ საქართველოს პარლამენტი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორებისგან შფოთვის მრავალი სიგნალის, მათ შორის 17 აპრილის თქვენივე განცხადების მიუხედავად, ე.წ. „უცხოური გავლენების“ კანონმდებლობის მიღების მხრივ წინ მიიწევს, ჩვენ უნდა ვეძიოთ დამატებითი გზები, რათა თბილისს არაორაზროვნად გავაგებინოთ, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია საქართველოს პროგრესთან ევროკავშირის გზაზე.
წარდგენილი კანონი საქართველოში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების უკან დახევის შემაშფოთებელი ტრაექტორიის კიდევ ერთი ნიშანია. მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის გაბრუნება დემოკრატიული დასავლეთისგან და მისი სტანდარტებისგან გამყარებული იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბოლოდროინდელი სიტყვით.
თვალნათელი და პირდაპირი შეტყობინების გაგზავნა ახლა არის უმნიშვნელოვანესი, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს ევროპული მომავალი ხვალ. შესაბამისად, კონკრეტულ შედეგებზე უნდა იყოს მითითებული, თუ საქართველოს მმართველი პარტია განაგრძობს და მიიღებს კანონს, რომელიც არ ესადაგება ევროკავშირის ძირეულ ნორმებსა და ღირებულებებს. პრინციპული პოზიცია და მიზანმიმართული ქმედებები არის ის, რასაც ქართველი ხალხი, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მიისწრაფვის, ელის ჩვენგან.
ამ კონტექსტში, გთხოვთ, რომ მყისიერად წარადგინოთ ევროკომისიის სიტყვიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა ექნება წარდგენილი კანონის მიღებას 9 ნაბიჯის შესრულებაზე, რაც ასევე მითითებული იყო 22 აპრილს თქვენს შენიშვნებში პრესასთან საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ. გულისხმიერად გთხოვთ, რომ ამ საკითხს პრიორიტეტი მიანიჭოთ და უზრუნველყოთ, რომ ეს საჯარო შეფასება ხელმისაწვდომი საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო კენჭისყრამდე იქნება.
განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ს, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები.