სამთავრობო მედია იმედის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს საქართველოში “ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი” ჩამოაქვს.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ შედგება შეხვედრა ო’ბრაიენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ სანქციების გამო უკან არ დაიხევს” – თქვა TV იმედის წამყვანმა 17:00-იანი ქრონიკის ეთერში.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია Imedinews.ge-ზეც განთავსდა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წუთით. სამთავრობო ტელეკომპანიის ვებგვერდზე ეს პუბლიკაცია აღარ იძებნება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი 14 მაისს თბილისში ჩამოვა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
“ო’ბრაიენი საქართველოში ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გამოხატოს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ”. – წერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.
მანამდე, ო’ბრაიენის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ადამიანებზე ძალადობით, რომლებიც “კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს” ეწინააღმდეგებიან.
აღსანიშნავია, რომ ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტი რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვის პერიოდს ემთხვევა.
