“ერთად ვიდგებით ამ ბრძოლაში და არ დავთმობთ” – შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი:
“უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლისკენაც მიილტვის საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა.
სრულიად ვიზიარებთ საერთო, სახალხო სწრაფვას ევროკავშირისაკენ და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და სწორი მისწრაფებებით.
ჩვენთან ერთად არიან სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათთან ერთად ვიდგებით ამ ბრძოლაში და არ დავთმობთ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
საქართველო არასოდეს გახდება და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები ზუგდიდიდან, რომელიც ასე ახლოსაა აფხაზეთთან და ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის კლანჭებქვეშ ცხოვრება.
რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი, სტუდენტების მომავალი. ილახება ყველა ის ღირებულება თუ ფასეულობა, რომელსაც უნივერსიტეტის კედლებში ვსწავლობთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორებს, რექტორს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად თითოეული პროფესიისა თუ თაობის წარმომადგენელს, დადექით ჩვენს გვერდით! აირჩიეთ ნათელი, ევროპული მომავალი, აირჩიეთ ქვეყნის სწორი კურსი. დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სადარაჯოზე. ენა, მამული, სარწმუნოება და ქართველი ხალხის ერთობა ყოფილიყოს ჩვენი მოტივატორი!
„არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე“ ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ