გოგონამ უცხო გარეგნობით მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია. ანასტასია ჯეირათი ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა ქართველია, მამა – ინდოელი. ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და პროფესიით ფსიქოლოგია, ის უკვე გადაიღეს სერიალში “სტუმარი”, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ახლა „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან.უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ცეკვა და ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებას უფრო შთამბეჭდავს და საინტერესოს გახდის…
“ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე. რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია, 17 წლის. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით. რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები, რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა” – ამბობდა ანასტასია.
ამჯერად ყურადღებას უმშვენიერესი ტელეწამყვანის ახალი ფოტოები იპყრობს. ის ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, აქტიურადაა დაკავებული სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობითა და გადაღებებით და, ასევე, ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღასაც უერთდება, ანასტასია აქციაზე რჩეულთან, მორაგბე ლუკა ჯორბენაძესთან ერთად გამოჩნდა.
“ახლაც ხშირად მივდივართ ოჯახი ინდოეთში, ბებია-ბაბუას, ნათესავების სანახავად. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ძალიან მიყვარს ყველა. მამიდაშვილები ჩემი ასაკის არიან და ძალიან ვმეგობრობთ. წელსაც ვიყავით დეკემბერში, ახალ წელს იქ შევხვდით. სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურეთ და დავათვალიერეთ მამას მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ინდოეთი, საოცარი ქვეყანაა თავისი კულტურით.
საქართველო და ინდოეთი კულტურულად ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ ამავდროულად, საერთოც ბევრი აქვთ. თუმცა ამის გამო დისკომფორტი არასოდეს შემქმნია – პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორ ასეთ კულტურასთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა ამ ფაქტმა. აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ყველას ძალიან უკვირდა ჩემი გვარი და შემდეგ ინტერესსაც გამოხატავდნენ. მე ძალიან პატარა ვიყავი და დედას ვეკითხებოდი, თუ რანაირად ხვდებოდნენ, რომ გვარი არ იყო ქართული.
ინდოეთშიც იციან საქართველოს შესახებ, მაგრამ მე ინტერნაციონალურ სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს კლასში იყვნენ პოლონელი, იტალიელი მოსწავლეები, ასევე – აზიის ქვეყნებიდან. მხოლოდ ხუთი ბავშვი იყო ინდოელი ჩემს კლასში. ამის გამო სკოლაში კულტურულად დიდი სხვაობა არ იგრძნობოდა.
დედა და მამა პროფესიით ექიმები არიან, სტომატოლოგები. ერთმანეთი წლების წინ მოსკოვში გაიცნეს, ორივე იქ სწავლობდა სამედიცინოზე”, – ამბობდა ანასტასია.