ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას – კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ უერთდებიან საერთო სტუდენტურ ინიციატივას და წყვეტენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას მანამ, სანამ საქართველო ევროპულ კურსს არ დაუბრუნდება.
განცხადების გაკეთების შემდეგ სტუდენტები მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრნენ.
“საპარლამენტო უმრავლესობამ ერთ წუთში მიიღო გადაწყვეტილება. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცედ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციაა. კავკასიის უნივერსიტეტის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. შესაბამისად, ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ მოძრაობას და ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას იქამდე, სანამ ქვეყანას ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მიმდინარე პროცესებში ჩართულობით უნდა დავიცვათ, რათა ჩვენს ისტორიულ ოჯახს, ევროპას დავუბრუნდეთ. 12 მაისის დილას შევქმენით პეტიცია სასწავლო პროცესის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც რამდენიმე საათში 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ჩვენ ვგმობთ ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ რუსულ კანონს, განგრძობით რბევას, დაშინებას, მუქარასა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და ვუცხადებთ სოლიდარობას დაზარალებულებს” –განაცხადეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს 12 მაისის 22:00 საათზე დაიწყო.
09:00 საათზე იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით სხდომის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების – “მონებო, რუსებო” ფონზე მოუწიათ.
ამასთან ერთად, პარლამენტთან აქციაზე 20 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. -ს ცნობით, მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.