შს მინისტრი სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური პარლამენტთან დაგეგმილი აქციის წინ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კანონის სრული სიმკაცრით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაისჯება ყველა, ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება. მინისტრმა ამ განცხადების გასაკეთებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მის მიერ საფრთხის იდენტიფიცირება მოხდა როგორც პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების, ისე ოპერატიული ინფორმაციის საშუალებით.
“ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შესვლა, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება.
გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ“, – განაცხადა მინისტრმა. მუხლის პირველი ნაწილი, რომელსაც გომელაური ასახელებს, გულისხმობს ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ამ დანაშაულის ჩამდენი 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.
დღეს, საღამოს 5 საათზე პოლიციელებს დაგეგმილ აქციებზე მაღალი სტანდარტით მუშაობისკენ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისი ბრიფინგის შინაარსი საზოგადოებისთვის გაგზავნილ მუქარად აღიქვა და თავის მხრივ პოლიციელებს შეახსენა, რომ მათი ვალი კანონის და ადამიანების დაცვაა.
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მეორედ დააბრუნა სადავო კანონპროექტი დღის წესრიგში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ამ კანონის საწინააღმდეგოდ არაერთი აქცია გაიმართა – მოქალაქეები კანონის მიღებას თითქმის უწყვეტი პროტესტით ეწინააღმდეგებიან. პარლამენტში კანონის განხილვის დაწყებიდან ამ დრომდე ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა 150-ს აღწევს – მათი ნაწილი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს, როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ. 20-მდე მოქალაქეს აქციაზე ან დაკავებისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვა 13 მაისს განახლდება – ორშაბათს დაგეგმილია საკომიტეტო მოსნება, სამშაბათს, ანუ 14 მაისს სადავო კანონპროექტი პლენარულ სესიაზე განიხილება და შესაძლოა, ამავე დღეს გაიმართოს მესამე მოსმენით კენჭისყრაც.
12 მაისს, ამ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საღამოს 10 საათიდან აპირებენ პარლამენტის შენობასთან შეკრებას და ღამის გათენებას.

ასევე დაგაინტერესებთ