“ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას” – განცხადება

“ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას,” – ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის თვითმმართველობა ავრცელებს.
“ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას და მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იყენებს მის ხელთ არსებულ კონსტიტუციურ უფლებებს პროტესტის გამოსახატად. ღიად და დაუფარავად გამოვთქვამთ ჩვენს აზრს რუსულ კანონთან დაკავშირებით და ვამბობთ, რომ ის საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ქევყნის დამოუკიდებლობას. აქვე, ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობრივი ქმედებები, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ზღუდავს და საფრთხის ქვეშ აყენებს კონსტიტუციით ბოძებულ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ისტორიამ გვაჩვენა, რომ სტუდენტების, ლექტორების, პროფესორების, მასწავლებლების ძალა არის უტეხი და გადამწყვეტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური ქარტეხილების დროს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, რომ გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და შემოუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს ჩვენი ეროვნული მიზანი.” – წერია განცხადებაში.